Image
ახალი ამბები
11-12-2018, 19:41

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იმართება. "ინტერის" მერვედფინალში გასვლა მხოლოდ მილანური გრანდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე არაა დამოკიდებული, პარალელურად საჭიროა "ბარსელონამ" შინ "ტოტენჰემთან" არ წააგოს.
სტატისტიკოსებმა არ დაიზარეს და ახლო წარსულში გაიხსენეს ყველას ის შემთხვევა, როცა უმოტივაციოდ დარჩენილი "ბარსელონა" ამა თუ იმ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელად საკუთარ მოედანზე 2013 წელს დამარცხდა. აღნიშნული ფაქტი დიდ სტიმულს აძლევს ლუჩანო სპალეტის გუნდს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ტოტენჰემი" შესანიშნავ ფორმაში შევიდა.

2005-2006 წლების სეზონი: "ბარსელონამ" გადაწყვიტა მეორე გამსვლელი იღბლიანის ვინაობა. ეს იყო ლიონელ მესის პირველი გაელვება ლიგაზე. კატალონიელები ჯგუფში იყვნენ "უდინეზესთან", "ვერდერსა" და "პანათინაიკოსთან" ერთად. ბოლო ტურში იტალიელებს შინ ფრეც აწყობდათ, თუმცა "ბარსამ" გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე "ვერდერი" გაუშვა. სხვათა შორის, იმ დროს "უდინეზეს" სწორედ ლუჩანო სპალეტი წვრთნიდა.

2010-2011 წლების სეზონი: ჯგუფში იყვნენ "ბარსელონა", "რუბინი", "კოპენჰაგენი" და ისევ "პანათინაიკოსი". ბოლო ტურში უმოტივაციო კატალონიელები ამარცხებენ საგზურისთვის მებრძოლ ყაზანელებს, ამით ეფექტურად სარგებლობენ სკანდინავიელები, რომლებიც აგრეთვე იგებენ თავის მატჩში.

2012-2013 წლების სეზონი: ჯგუფში იყვნენ "ბარსელონა", "ბენფიკა", "სელტიკი" და "სპარტაკი". ბოლო ტურში გლაზგოელებმა მოუგეს მოსკოველებს და გადავიდნენ მეორე ადგილზე. პორტუგალიელებს კი "კამპ ნოუზე" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ "ბარსამ" ლისაბონელებს მოგების საშუალება არ მისცა.

2015-2016 წლების სეზონი: "ბარსას" გარდა, ჯგუფში იყვნენ "რომა", "ლევერკუზენი" და "ბატე". აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურში სამივე მათგანს ჰქონდა მეორე ადგილზე გასვლის შანსი. "მგლებმა" სენსაციურად ვერ დაამარცხეს ბელორუსიელები "ოლიმპიკოზე", მაგრამ უმოტივაციოდ მყოფმა კატალონიელებმა არ გაამარჯვებინეს "ფარმაცევტებს". საბოლოოდ, მე-2 ადგილზე გავიდა "ჯალოროსო". იტალიელებმა მხოლოდ ურთიერთშეხვედრების საფუძველზე აჯობეს გერმანელებს.

2017-2018 წლების სეზონი: შარშან "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსს" ნაწილობრივ დაეხმარა "სპორტინგისა" და "ოლიმპიაკოსის" ბარიერის დაძლევაში . "ბებერი ქალბატონი" ბოლო ტურისთვის მე-2 პოზიციაზე იყო, იქვე ახლოს იყვნენ პორტუგალიელებიც, რომლებიც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ იტალიელებს. პირველადგილოსანმა "ბარსელონამ" დაამარცხა ლისაბონელები, "იუვემ" კი საბერძნეთში იმარჯვა.
11-12-2018, 19:09
"ინტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ B ჯგუფში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელა. შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში გასასვლელად "ნერაძურის" პსვ-სთან გამარჯვება სჭირდება და ამავდროულად "ბარსელონამ" საკუტარ მოედანზე "ტოტენჰემთან" არ უნდა წააგოს.
- სანამ, კატალონიაში გასამართ მატჩზე დავიწყებთ ფიქრს, ჯერ პსვ-ს უნდა მოვუგოთ და არამგონია, ეს იოლი გამოდგეს. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი ვიფიქროთ "კამპ ნოუს" მატჩზე. ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ "ინტერი" მერვედფინალში გასვლას იმსახურებს, - განაცხადა ძანეტიმ.
შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემთან" მატჩში "ბარსელონა" ერთ-ერთი ლიდერის, ლუის სუარესის გარეშე ითამაშებს.
11-12-2018, 19:02
ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან გადამწყვეტი მატჩის წინ, "ინტერის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მის "შავ-ლურჯ" კარიერაში ამაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯერ არ ჰქონია. იტალიელმა სპეციალისტმა ეს მატჩი ამ გაზაფხულზე ლაციო-ინტერის ჯახზე მაღლაც კი დააყენა.
- ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღიდან, ჩვენი კვარტეტი ყველაზე რთულად იყო მოხსენიებული და ახლა მერვედფინალამდე ცოტა გვაშორებს. ეს ცხადყოფს, რომ გუნდმა საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირა. პსვ-სთან დაპირისპირება "ინტერში" მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და "ლაციოსთან" ამ გაზაფხულის შეხვედრას ფარავს. მთელი გუნდი, სწორედ ასეთ თამაშებზე ვოცნებობთ,-განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
9-12-2018, 17:27
Daily Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნაი ემერისა და მესუთ იოზილს შორის წარმოშობილი უთანხმოება "არსენალიდან" ფეხბურთელის ამ ზამთარშივე წავსლით დასრულდება. ლონდონური კლუბი მზადაა გერმანელს 25 მილიონ ფუნტად (28 მილიონი ევრო) აფასებს. არადა, 5 წლის წინ "მეთოფეებმა" "რეალიდან" იგი დაახლოებით 48 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში, იოზილმა მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
პარალელურად, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს The Sun-ი. გამოცემის ცნობით, მესუთი ამ კვირაშივე გეგმავს "ინტერთან" მოლაპარაკების დაწყებას. იტალიელები თანახმანი არიან "არსენალს" მოთხოვნილი თანხა გადაუხადონ, თუმცა გერმანელის სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ. იოზილი "მეთოფეებში" კვირაში 350 ათასს იღებს, მილანელებს კი ასეთი მაღალი ხელფასის გადახდა არ სურთ.
3-12-2018, 02:59
გოლი: კეიტა 37 (0:1), უნდერი 51 (1:1). იკარდი 66 (1:2), კოლაროვი 73-პენ. (2:2).
რომა: ოლსენი, სანტონი (69, კლუივერტი), მანოლასი, ჟუანი, კოლაროვი, ნზონზი, კრისტანტე, ფლორენცი, ძანიოლო (77, პეროტი), უნდერი (83, პასტორე), შიკი.
ინტერი: ჰანდანოვიჩი, დ'ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა, ვალერო (80, ვესინო), ბროზოვიჩი, მარიო, პერიშიჩი (81, მარტინესი), კეიტა (62, პოლიტანო), იკარდი.
გაფრთხილება: ასამოა 48, კოლაროვი 79.
კუთხური: 5/6 ჯარიმა: 11/15
2-12-2018, 18:11
რომა (4-4-3-1): ოლსენი, ფლორენცია, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, ნზონზი, კრისტანტე, უნდერი, ძანიოლო, კლუივერტი, შიკი.
სათ. ფუზატო, მირანტა, სანტონი, ჟუანი, მარკანო, პელეგრინი, ჩელარი, რიკარდი, პასტორე, პეროტი.
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, დ'ამროზიო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა, ბროზოვიჩი, ვესინო, პოლიტანო, მარიო, პერიშიჩი, იკარდი.
სათ. პადელი, ბერნი, ვრსალკო, დე ვრეი, რანოკია, გალიარდინი, ვალერო, კეიტა, კანდრევა, მარტინესი.
2-12-2018, 17:26
თურქი წარმომავლობის გერმანელი გამთამაშებელი მესუთ იოზილი ბოლო დროს "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. მისით კმაყოფილი არც მწვრთნელია და გულშემატკივრებიც გამუდმებით აკრიტიკებენ, ამიტომაც დიდი ალბათობით ამზამთარშივე დადგება "მეთოფეებიდან" მესუთის აბარგების საკითხი.
როგორ The Sun-ი იუწყება, იოზილის გადაბირებით "ინტერი" გახლავთ დაინტერესებული. "ნერაძურის" შემქმნელი ნახევარმცველის პოზიციაზე უჭირს და ზამთარში "ბარსელონადან" რაფინიას დამატებას გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მისი ტრანსფერიც ჩაიშალა. ახლა ჯერი იოზილზე მიდგა და ამ საქმეში მთავარი მილანელებსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებაა. თავად "არსენალს" კი მაღალხელფასიანი ფეხბურთელის გაყიდვა სურს, რათა გამონთავისუფლებული ფული ახალი მოთამაშეებისთვის გამოიყენოს.
იოზილს "არსენალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამ სეზონში მან სულ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 საგოლე პასი.
2-12-2018, 17:13
"ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი ამბობს, რომ იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას მაშინ გააგრძელებს, როდესაც ამის დრო დადგება. მისი ცოლი და აგენტი ვანდა ნარა კი საქმეებს მშვენივრად უძღვება.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერის" 25 წლის არგენტინელი ფორვარდ მაურო იკარდით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, რომელიც კრიშტიანო რონალდუს "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ, თავდამსხმელის ძიებაშია. მედია წერს, რომ იკარდი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ფავორიტთა სიაშია, სადაც ასევე არიან ჰარი კეინი და ედინსონ კავანი. იუწყებიან, რომ "რეალი" მზადაა მაუროს სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და გარიგებაში ჩართოს მარიანო დიასი.
- ახალი კონტრაქტი "ინტერთან"? მოვა დრო და გავაფორმებთ. ჩემმა მეუღლემ, ვანდამ იცის, რა უნდა გააკეთოს და რა თქვას, რომ ხალხს მოეწონოს. ის ჭკვიანია და არ სჭირდება გარედან კონტროლი. სრულებით ვენდობი მას, ის კი კარგად მიცნობს. ინტერესი "იუვენტუსისგან"? რაღაც მსმენია და ბოლო ვიყავი, ვინც ამის შესახებ გაიგო. ინტერესი ალბათ არის, რადგან ჩემს საქმეს კარგად ვასრულებ. "რეალში" გადასვლის ვარიანტის განხილვას აზრიც არ აქვს. თუ გავითვალისწინებთ მადრიდული გუნდის შედეგებს, ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის. მომწონს იქ ყოფნა, სადაც ახლა ვარ, - განუცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა "კორიერე დელო სპორტ"-ს.
მაურო იკარდი "ინტერის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. "ნერაძურის" კაპიტანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა მილანელთა მაისურით ყველა ტურნირის 15 მატჩში 10 გოლი მიითვალა.
მეტი სიახლის ნახვა